"რაც კახეთის ქართველობას ხოცვა ჟლეტვა, რბევა, ძარცვა, ტყვევნა და ნგრევა თავს დაატყდა არ გაგონილა ისლამის გაჩენის დროიდან დღემდე. ინგრეოდა , ირღვნებოდა, იმზვლეოდა და იჟლიტებოდა კახეთი. იავარყოფას ვერ გადაურჩა ვერცერთი ქალაქი და სოფელი, ციხე და სასახლე, ტაძარი და ეკლესია, სახლი და შრამელი. მრავალი სოფელი სამუდამოდ ამოწყდა და აღიგვა პირისაგან მიწისა. ანგრევდნენ ყოველ ნაშენებს. ჩეხდნენ და ძირფესვიანად თხრიდნენ ვენახებს, ბაღებს. იტაცებდნენ ქართველი კაცის ნაოსტატარ-ნაჭედ ნივთებს, სამკაულებს, შაჰ-აბასის სახაზინოდ და ხარჭათა აღსამკობლად. მოერეკებოდნენ ტყვეებს, - ზოლეიხას მსგავს საოცრად ლამაზ ქალწულებს, და უწვერულ ყმაწვილებს. 100 000 კაცი შეაწყდა მტერს იმ უბოროტეს წელიწადს. 150 000 ტყვედ გაირეკეს ყიზილბაშებმა. ქართველი ქალის მოთქმა-გოდება ჰზრახავდა სიცხით გათანგვულ ირანის ცისგვამს. სამშობლო წართმეული ბავშვის მდუღარე ცრემლი ადუღებდა ირანულ მიწას. მათვის აღარ არსებობდა სამშობლო კახეთი, სამშობლო საქართველო. მათი საქართველო ამიერიდან იქნებოდა ირანი, ხოლო კახეთი ფერეიდანი"